„ეს წელი „უკანასკნელი შანსი" იქნება. რადგან 2024 წელი მოდის, შემდეგ კი, რუსეთის სამშვიდობო მისია 2025 წელს დასრულდება. ცოტა უფრო შორს უნდა გაიხედონ. ვფიქრობ, სომხეთი მოისმენს ჩემს გზავნილებს და სწორ დასკვნებს გააკეთებს", - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა. სომხური მედიის ცნობით, ალიევმა ამის შესახებ სატელევიზიო მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.
სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის ვადებზე საუბრისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის წინადადება „დიდი ხანი იქნება მაგიდაზე".
„გულწრფელად ვიმედოვნებდი, რომ წლის ბოლომდე (2022) ჩვენ შევძლებდით სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას, მაგრამ ეს არ მოხდა.
„თუ მათ არ აინტერესებთ, ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს. თუ დელიმიტაციით არ არის დაინტერესებულნი, არც ჩვენ გვჭირდება, რაც ნიშნავს, რომ საზღვარი იქნება იქ, სადაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს. მე უკვე იძულებული ვარ, გამოვიყენო ასეთი ტერმინები.
თუ საზღვარი არ არის შემოსაზღვრული, ვინ შეიძლება თქვას, რომ საზღვარი აქ მიდის და არა იქ? მაგალითად, მე ვფიქრობ, რომ აქ უნდა იყოს. ამის თქმის საფუძველი მაქვს - ისტორიული, კარტოგრაფიული. ამიტომ ეს საკითხი ჩვენზე მეტად მათ უნდა აინტერესებდეთ“, - განაცხადა ალიევმა და აქვე აღნიშნა, რომ, "ეს წელი ბევრ საკითს ნათელს მოჰფენს“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს პირდაპირ დიალოგს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიიჩნევს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის მშვიდობის გასაღებია.